რა დაგჭირდებათ
ხელსაწყოები:
მაკრატელი ან საკანცელარიო დანა, ქანჩის გასაღები, სახრახნისი, სპირტის თარაზო
შეერთებები:
დამიწებულ ელექტროქსელზე ჩართვა, მამრავლების ან დამაგრძელებელი კაბელების გარეშე, წყალმომარაგება და დრენაჟი
დამატებითი დეტალები:
ორმაგი გამომსვლელი სარქველი, სადრენაჟე მილის ბოლო ნაწილი
სირთულის დონე:
3/5
დაახლ. დრო:
30-45 წუთი ძველი მოწყობილობის მოსახსნელად
90-დან 120 წუთამდე თქვენი ახალი მოწყობილობის დასამონტაჟებლად
სანამ დაიწყებთ
მოწყობილობის დამონტაჟება შეიძლება სახიფათო და საშიშიც კი იყოს, ასე რომ, სანამ დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ წაიკითხეთ ეს გაფრთხილებები და მითითებები.
- ძველი მოწყობილობის დემონტაჟის დაწყებამდე, დარწმუნდით, რომ ელკვებისა და წყლის წყარო გამორთულია.
- დემონტაჟის/მონტაჟის პროცედურის დაწყებისას, დარწმუნდით, რომ ძველი/ახალი მოწყობილობა გამორთულია ქსელიდან.
- მოწყობილობა დადგით იატაკზე, მყარ ზედაპირზე, რომელიც გაუძლებს მის სიმძიმეს. არასოდეს დადოთ ის ხალიჩიან იატაკზე, ვინაიდან ეს შეაფერხებს ჰაერის ნაკადის მოძრაობას მოწყობილობის ძირზე განთავსებულ ელექტრო კომპონენტებთან, რაც გამოიწვევს მათ გადახურებას.
- მოწყობილობის მიღების შემდეგ შეამოწმეთ, რომ ის არ დაზიანებულა ტრანსპორტირებისას და რომ ყველა ნაწილი და აქსესუარი წარმოდგენილი და ზუსტია.
- დარწმუნდით, რომ დამიწებული ელექტრო როზეტი დაცულია მცველით. გამოყენება და როზეტი უნდა შეესაბამებოდეს Beko-ს მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებულ ტექნიკური მახასიათებლების ცხრილს. არ შეაერთოთ მოწყობილობა დამაგრძელებელ კაბელზე. დარწმუნდით, რომ დენი კაბელი არ არის ჩაჭედილი ან გაჩხერილი.
- არასოდეს შეეხოთ როზეტს სველი ხელებით. არასდროს გამოაძროთ შტეფსელიდან კაბელის გამოქაჩვით, ყოველთვის დაიჭირეთ და მოქაჩეთ როზეტის თავი.
თქვენი ძველი მოწყობილობის დემონტაჟი
დარწმუნდით, რომ წყალმომარაგება და ელექტრო მომარაგება გამორთულია ქსელიდან. თუ მოწყობილობა მიმაგრებულია კარადაზე, მოუშვით დამჭერი ხრახნები. გამოიღეთ მოწყობილობა დაკავებული ადგილიდან.
გახსოვდეთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანები შეიძლება მძიმე იყოს, ამიტომ თქვენი მანქანის გადაადგილებისას, ფრთხილად იყავით. მოწყობილობის ადვილად გამოსაღებად, შეგიძლიათ ოდნავ უკან გადახაროთ ის და ძველი ნოხის ნაჭერი ამოსდოთ წინა ფეხების ქვეშ. შემდეგ, შეგიძლიათ გამოქაჩოთ ნოხი და მოწყობილობაც მასთან ერთად.
ახლა შეგიძლიათ მიუდგეთ მოწყობილობის უკანა მხარეს და შეძლებთ დენის, წყლისა და ჩამდინარე წყლის შეერთებების გათიშვას. შეიძლება დაგჭირდეთ ქანჩი ან ბრტყელტუჩა შეერთებების მოსახსნელად. წყლის მიწოდების ონკანის ქვეშ მოათავსეთ თასი გაჟონილი წყლისთვის, ხოლო თასში მოათავსეთ წყლისა და ჩამდინარე წყლის შლანგების ბოლოები.
ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკის განკარგვასთან დაკავშირებით, იხილეთ ადგილობრივი რეგულაციები. თქვენს ადგილობრივ საბჭოს ან რაიონს შეუძლია შემოგთავაზოთ შეგროვების სერვისი. თუ თქვენ თვითონ აპირებთ მოწყობილობის მოხსნას, გახსოვდეთ, რომ დაგჭირდებათ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ მოწყობილობის აწევასა და გადაადგილებაში.
თქვენი ახალი მოწყობილობის მომზადება დასამონტაჟებლად
მას შემდეგ, რაც ახალ მოწყობილობას შეიტანთ იმ ოთახში, სადაც აპირებთ მის დამონტაჟებას, დარწმუნდით, რომ საკმარისი ადგილი გაქვთ მის გასახსნელად. გარე შეფუთვის მოსახსნელად გამოიყენეთ მაკრატელი ან საკანცელარიო დანა. ყურადღებით იყავით, რომ არ გაჭრათ მეტისმეტად ღრმად, ვინაიდან მოწყობილობა შეიძლება დაიკაწროს. მოხსენით ნებისმიერი მუყაო და პენოპლასტი.
მოწყობილობის ქვეშ შეიძლება იყოს შესაფუთი მასალის ნაწილი, ამიტომ ყურადღებით იყავით, როდესაც აწევთ მოწყობილობას მის მოსახსნელად. შემდეგ მოხსენით ყველა სტიკერი და სადემონსტრაციო ფირფიტა რაც შეიძლება მალე. რაც უფრო დიდხანს იქნება ისინი დაკრული, მით რთული იქნება მათი აძრობა.
გახსნის შემდეგ, შეამოწმეთ, რომ ყველა ნაწილი და აქსესუარი წარმოდგენილი და სწორია. მოწყობილობას უნდა მოყვებოდეს მომხმარებლის სახელმძღვანელო, დანა-ჩანგლის ჩასალაგებელი კალათი, ძაბრი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ჩასაყრელად, pH შესამოწმებელი ჩხირი და ხმის ჩამხშობი ლენტი (მოყვება ზოგიერთ მოდელს). თქვენს მოდელს შეიძლება კიდევ ჰქონდეს დამატებითი აქსესუარები.
მოწყობილობის უკანა მხარეს უნდა იყოს წყლის მიწოდების შლანგი (მუქი ფერის), ჩამდინარე წყლის შლანგი (ღია ფერის) და ელკვების კაბელი. შლანგები დამაგრებული იქნება ერთ ადგილას ორი პლასტმასის სამაგრით.
ახლა კი, მოათავსეთ მოწყობილობა მისთვის განკუთვნილ ადგილთან ახლოს და დარწმუნდით, რომ ყველა ხელსაწყო ხელთ გაქვთ.
თქვენი ახალი მოწყობილობის მონტაჟი
თუ ძველ მოწყობილობას ცვლით, უკვე გამოყოფილი გექნებათ ადგილი თქვენი ახალი მოწყობილობისთვის და ასევე, ხვრელები გაკეთებული კარადის სექციებში შლანგებისა და დენის კაბელების გასატარებლად. თუმცა, თუ მოწყობილობას პირველად ამონტაჟებთ, შეიძლება დაგჭირდეთ ხვრელების გაკეთება კარადის სექციებში შლანგებისა და დენის კაბელების გასატარებლად.
თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის ინდივიდუალური წყლის მიწოდების წერტილი გაქვთ, ეს ცოტათი გაგიმარტივებთ საქმეს. თუმცა, თუ ასეთი წერტილი არ გაქვთ, მაშინ დაგჭირდებათ ორმაგი გამოსაშვები ვენტილი იმისათვის, რომ შეძლოთ ნიჟარის წყლის გამოყენება. ორმაგი გამოსაშვები ვენტილი საშუალებას მოგცემთ, შეაერთოთ ორი შლანგი წყლის მიწოდების ერთ წერტილზე. ბაზარზე მრავალნაირია წარმოდგენილი, ამიტომ ნახეთ ინსტრუქციაში, ზუსტად რომელი უნდა შეიძინოთ.
ახლა შეგიძლიათ შეაერთოთ წყლისა და დრენაჟის მილები. თავდაპირველად, მოხსენით წყლის შლანგი სამაგრიდან. არ მოხსნათ დრენაჟის შლანგი. ის შეერთებული უნდა იყოს მოწყობილობაზე იმისათვის, რომ ჩამდინარე წყალი არ შებრუნდეს მანქანაში.
წყლის შლანგის ბოლო მიუერთეთ წყლის მიწოდების წერტილს (ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი წერტილი ან ზემოთ ხსენებული ორმაგი გამოსაშვები ვენტილი). თქვენ მარტივად უნდა შეძლოთ მყარი შეერთება პლასტმასის ჭანჭიკის ხელით მოჭერით. წყლის მიწოდების წერტილზე შეერთების შემდეგ, შეგიძლიათ გახსნათ წყალი ქსელიდან.
შემდეგ, დაგჭირდებათ სადრენაჟე მილების შეერთება. არ აქვს მნიშვნელობა, სადრენაჟე შლანგს სპეციალურ ხვრელში აერთებთ თუ ნიჟარის სადრენაჟე მილზე, შლანგის სიგრძე უნდა იყოს 50-100 სმ ზედაპირიდან.
და კიდევ, თუ გაქვთ ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის სპეციალური ჩამდინარე წყლის სადრენაჟე ხვრელი კედელში, უბრალოდ უნდა გაატაროთ შლანგი ამ ხვრელში. სადრენაჟე შლანგის ბოლო უნდა შევიდეს სადრენაჟე მილის ხვრელში დაახლოებით 12 სმ-ით.
თუ არ გაქვთ სპეციალური სადრენაჟე ხვრელი, მაშინ ჩამდინარე წყლის შლანგი უნდა შეუერთოთ ნიჟარის ჩამდინარე წყლის მილს. ნიჟარის სადრენაჟე მილი განთავსებულია ნიჟარის ქვეშ. U-სებრ მუხლზე თქვენ ნახავთ ჩამდინარე წყლის მილზე შესაერთებელ დამატებით ხვრელს. თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ადრეც იყო დამონტაჟებული და ის დრენაჟის ამ მეთოდს იყენებდა, შესაძლოა U-სებრ მუხლზე უკვე მიერთებული იყოს ბოლო ნაწილი.
თუ ამ ადგილას პირველად ამონტაჟებთ მოწყობილობას, შეიძლება დაგჭირდეთ მილსადენის ბოლო ნაწილის თქვენ თვითონ შეერთება. ეს საკმაოდ ადვილია. მარტივად მოხსენით დამცავი ხუფი დამატებით შემავალ ხვრელს და მის ადგილას დაამაგრეთ მილსადენის ბოლო. დარწმუნდით, რომ მოხსნილი გაქვთ პლასტმასის საცობები მილსადენის ბოლოზე ან U-სებრ მუხლზე.
ახლა უკვე შეგიძლიათ შეუერთოთ სადრენაჟე შლანგი მილსადენის ბოლოს. გადაატარეთ სადრენაჟე შლანგის რეზინის ბოლო მილსადენის ბოლოს, შემდეგ ლითონის სამაგრის გამოყენებით დაამაგრეთ ის ადგილზე.
შენიშვნა: 4 მეტრზე მეტი სიგრძის სადრენაჟე შლანგი გავლენას იქონიებს რეცხვის თვისებებზე.
ელექტრო კაბელების შეერთება
წყლის სადრენაჟე და მიწოდების სისტემებთან შეერთების შემდეგ, ელკვების წყაროსთან შეერთებაც. მოწყობილობა პირდაპირ ელექტრო როზეტში უნდა იყოს შეერთებული, რომლის ჩამრთველიც მიერთებული იქნება სახლის ავტომატურ ამომრთველზე.
არ გამოიყენოთ დამაგრძელებელი კაბელი ან მულტიშტეკერიანი კაბელი. თუ დენის კაბელი დაზიანებულია, ნუ შეეცდებით მის შეკეთებას ან შეცვლას დამოუკიდებლად. ეს უნდა გააკეთოს კვალიფიციურმა ინჟინერმა. შემდეგ უკვე შეგიძლიათ ჩართოთ ელკვების ბლოკი.
ახლა, მოწყობილობის ყველა სადენის შეერთების შემდეგ, შეგიძლიათ მოწყობილობა დადგათ თავის ადგილას. დარწმუნდით, რომ შლანგები და დენის კაბელი არ გაიჭედება ან მოიკეცება მოწყობილობის თავის ადგილზე შედგმისას.
შემდეგ, უნდა დააბალანსოთ მანქანა სპირტის თარაზოს გამოყენებით. შეგიძლიათ არეგულიროთ ფეხები ხელით ან ქანჩის გასაღებით ფეხებზე ჭანჭიკების დატრიალებით. მოწყობილობის დაბალანსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იყანყალებს ან იმოძრავებს მუშაობის დროს.
პირველ გამოყენებამდე
სანამ პირველად გამოიყენებთ მოწყობილობას, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
თავდაპირველად, ჭურჭლის სარეცხი მანქანაზე უნდა დააყენოთ წყლის სიხისტის მაჩვენებელი თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. იმის დასადგენად, რამდენად ხისტია წყალი, შეგიძლიათ გამოიყენოთ pH შესამოწმებელი ჩხირი, რომელიც მოყვა თქვენს მოწყობილობას.
მოუშვით ონკანი ერთი წუთის განმავლობაში და შემდეგ აავსეთ ჭიქაში წყალი. ჩაყავით pH ჩხირი წყალში ერთი წუთით. pH ჩხირები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, ამიტომ გამოიყენეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო იმისათვის, რომ გაიგოთ, როგორ უნდა შეაფასოთ pH ჩხირის შედეგი. წყლის სიხისტის დადგენის შემდეგ, შესაბამისად უნდა დაარეგულიროთ თქვენი მოწყობილობა.
წყლის სიხისტეზე მოწყობილობა უნდა დაარეგულიროთ როგორც შიგნიდან, ისე მართვის პანელის საშუალებითაც. და ისევ, ეს მეთოდი შეიძლება განსხვავდებოდეს მოდელის მიხედვით, ამიტომ გამოიყენეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. მომხმარებლის სახელმძღვანელოში გარკვევით იქნება განმარტებული, რომელიც პარამეტრით უნდა განისაზღვროს წყლის სიხისტე თქვენს საცხოვრებელ ტერიტორიაზე. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ შიდა და კონტროლის პანელის პარამეტრები ერთი და იგივე უნდა იყოს.
შენიშვნა: თუ წყალი მეტისმეტად ხისტია, შეიძლება დაგჭირდეთ წყლის ფილტრის გამოყენება. დეტალებისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
სანამ პირველად ჩართავთ თქვენს მოწყობილობას, უნდა დაამატოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი და დამარბილებელი საშუალება. მარილის ავზი მოწყობილობის შიგნით არის მოთავსებული. მოხსენით ავზის ხუფი და ჩაყარეთ მარილი დაახლოებით ერთ ლიტრ წყალში.
შემდეგ, გამოიყენეთ მარილის ჩასაყრელი ძაბრი, რომელიც მოყვა მოწყობილობას და დაამატეთ იმდენი მარილი, რამდენიც ჩაეტევა მასში. წყალი რომ გადმოვა, ავზი სავსეა.
მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ის ძაბრი გამოიყენოთ, რომელიც მოყვა მოწყობილობას, ვინაიდან ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილს შეიძლება კოროზიული ეფექტი ჰქონდეს მოწყობილობის შიგნით ლითონის ზედაპირებზე. აიღეთ დაყრილი მარილი.
შენიშვნა: თუ წყალი მეტისმეტად რბილია, შეიძლება არ დაგჭირდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის გამოყენება. დეტალებისთვის იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელო.
შემდეგ, აავსეთ დამარბილებლის ავზი, რომელიც განთავსებულია სარეცხი საშუალების ნაკვეთურის გვერდით. მოაბრუნეთ ხუფი მოსახსნელად და ჩაასხით დამარბილებელი, სანამ ავზი არ გაივსება. დაახურეთ ხუფი და ატრიალეთ, სანამ თავის ადგილზე არ ჩაჯდება.
საცდელი ჩართვის დროა
მოწყობილობის დამონტაჟებისა და დაყენების შემდეგ, მისი გამოცდის დროა!
აირჩიეთ მოკლე პროგრამა და ჩართეთ მოწყობილობა ცარიელ მდგომარეობაში სარეცხი საშუალების გარეშე. შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს, ხომ არ აქვს ზედმეტი ვიბრაციები ან გამოსცემს უცნაურ ხმებს. თუ ყველაფერი ინსტრუქციების მიხედვით შეასრულეთ, ყველაფერი კარგად უნდა მუშაობდეს. ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, უმჯობესია, დაუკავშირდეთ კვალიფიციურ ინჟინერს.
სულ ეს არის, თქვენ ახლახან დაამონტაჟეთ თქვენი Beko-ს ახალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა! დარწმუნდით, რომ იცით, როგორ ჩატვირთოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სათანადოდ, იხელმძღვანელეთ სახელმძღვანელოთი, რათა გაიგოთ რამდენი სარეცხი საშუალება უნდა გამოიყენოთ. თუ ვერ პოულობთ სახელმძღვანელოს, ჩამოტვირთეთ ის პროდუქტის მოდელის ნომრის მიხედვით.
ისიამოვნეთ თქვენი ახალი მოწყობილობით!